მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა

მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა
28-03-2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა  არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა. 

ეს უნიკალური და უმნიშვნელოვანესი შედეგი იმ რეფორმებითაა განპირობებული, რომელიც განათლების სისტემაში ტარდება. სულ რაღაც ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 45%-მა  აირჩია, ასევე 45%-მა  არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა და თანაფარდობა ერთი ერთზე იყო.
ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით ესოდენ  დიდი წარმატება პირველ რიგში გამოიწვია პროგრამამ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’. ამ პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელმა მასწავლებლებმა  ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენა გაძლიერებულად შეასწავლეს, ისინი ასევე დაეხმარნენ ქართველ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქრთველოში ინგლისური ენა დამკვიდრდა,  როგორც მთავარი უცხო ენა.