დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს გამოცდების ახალი სისტემა გააცნო

დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს გამოცდების ახალი სისტემა გააცნო
12-06-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „პრაიმ ტაიმის“ ოფისში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო.

პრეზიდენტის ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოში ახალი სისტემა დაინერგება. კერძოდ,  უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს  მხოლოდ რვა საატესტატო და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს წელიწადში რამდენჯერმე ექნებათ და შედეგს გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყობენ.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი მოდელი მოსწავლეებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება, რადგან გამოცდები სკოლებში, იმავე სივრცეში ჩატარდება, სადაც ისინი  12 წლის განმავლობაში სწავლოდნენ. საგამოცდო ტესტები კი მხოლოდ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში იქნება შედგენილი. შესაბამისად, მშობლებს შვილების რეპეტიტორებთან მომზადება და  სოლიდური თანხების გაღება აღარ მოუწევთ. მით უმეტეს, ამის საშუალება ოჯახების უმრავლესობას არ ჰქონდა.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი საქართველოს სკოლებში აპრობაციები ჩატარდება, რითაც  ახლადშექმნილი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოდელი დანერგილია როგორც აშშ-ში, ასევე საფრანგეთში, გერმანიაში, სინგაპურში და ა.შ. პრეზიდენტის ინიციატივაა, ცივილური ქვეყანების მსგავსად საქართველოშიც ყველა ახალგაზრდას მიეცეს სტიმული კვალიფიკაცია დაუბრკოლებლად აიმაღლოს.