პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
26-08-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ახალი სასწავლო წლიდან, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო დაფინანსებით მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. სტუდენტები გადამზადდებიან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.

თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 2,5 წელი.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, 70 რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33  დაწესებულებაში.

რეგისტრატორები აპლიკანტებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პროგრამების შესახებ. მიმდინარე წელს რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის სურვილი 25-მდე კერძო კოლეჯმა გამოთქვა, შესაბამისად, აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ საინფორმაციო ცენტრებსა და რესურსცენტრებში დარეგისტრინდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

რეგისტრაცია  2013 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც  სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა და გამჭირვალობას ემსახურება. ასევე, ტესტირების მიზანია  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს. შესაბამისად, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებაში არსებულ კონტიგენტს, რომელთაც სურთ უკვე დაწყებული პროფესიული განათლების გაგრძელება და კონკრეტული საფეხურიდან შემდგომ საფეხურზე გადასვლა, (იმ შემთხვევაში, თუ ეს საფეხური არ წარმოადგენს პროფესიის პირველად საფეხურს განხორციელებული ცვლილებების შედეგად) მათ ტესტირებას უზრუნველყოფს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აღნიშნული ტესტირებისა და დაფინანსების სქემა ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩარიცხვა კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ხორციელდება დამოუკიდებულად, ამავე სასწავლებლების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

ტესტების ნიმუშები 25 აგვისტოდან განთავსდება პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.prof.ge) და ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებ გვერდზე (www.naec.ge). დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას და აპლიკანტების კითხვებზე პასუხის გაცემას რეგისტრატორები უზრუნველყოფენ. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე შეუძლიათ დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220.