23 ივნისიდან ატესტატების გაცემა დაიწყო

23 ივნისიდან ატესტატების გაცემა  დაიწყო
06/23/2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, იწყებს 2013-2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების განაცხადების მიღებას.

2014 წლის 23 ივნისიდან სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე გაიცემა:

სრული ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2013-2014 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე და წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2013-2014 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მაგრამ ვერ ან არ ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.

2013-2014 სასწავლო წლის საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის  საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა იგეგმება 2014 წლის 14 ივლისიდან.

დაინტერესებულმა პირებმა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებსა ან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.