სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს.
12/04/2014
როგორც ცნობილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 5 ნოემბრის N688 ბრძანების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 10-11 ნოემბრიდან პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში სასწავლო მოდულების პილოტირების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროცესში 15-მდე სახელმწიფო და კერძო კოლეჯი იყო ჩართული. პილოტირების პროცესს მოდულარული სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გამოერკვია. პროგრამის მიმდინარეობა ექსპერტების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა. ის დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბრის განჩინებით ეროვნული ცენტრის 5 ნოემბრის N688 ბრძანება ბათილად სცნო, შესაბამისად პილოტირების პროგრამა სახელმწიფო კოლეჯებში შეჩერდა.  
   
როგორც „პირველ პრესკლუბში“ კოლეჯების დირექტორებმა განაცხადეს, ისინი პროგრამაში ნებაყოფლობით ჩარეთნენ, ხოლო პროცესი წარმატებულად, ორგანიზებულად და მოტივირებულად მიმდინარეობდა. კოლეჯების დირექტორები აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, პროცესის შუა გზაზე მიტოვება პროფესიული განათლების სისტემას დიდ ზიანს მოუტანს.
როგორც პრესკონფერენციაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილემ მამუკა ჯანჯალიამ  განაცხადა, მოდულარულ სისტემაზე გადასვლას ბევრი დადებითი მხარე აქვს.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას.  კიდევ ერთხელ მივმართავთ სასამართლოს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი. აქვე ბოდიშს ვუხდი იმ სტუდენტებს და პედაგოგებს, რომელნიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და იმედი მაქვს, პროცესი მალე აღდგება“,- აღნიშნა მან.  

პრესკონფერენციაზე გარდა კოლეჯების დირექტორებისა, აღნიშნული პროგრამის მხარდამჭერები და სწავლების პროცესში ჩართული სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდებოდა და ისინი მისი მიმდინარეობით კმაყოფილნი იყვნენ.