112-სა და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

112-სა და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
05/10/2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტის თანახმად, „112“-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა - eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. 

აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი.

ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო „112“-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.