საატესტატო გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა

საატესტატო გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს. 

პირველი გამოცდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. შედეგების მიხედვით, მოსწავლეებმა წელს გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე შარშან. წელს საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

წელს მაღალი აკადემური მოსწრება აჩვენეს არაქართულენოვანი მოსწავლეების მოსწავლეებმაც. მათგან ბარიერი მხოლოდ 10%-მა ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, წარმატებით მიმდინარეობს.

გამოცდებმა  ტექნიკურადაც გამართულად ჩაიარა. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების მაღალ დონეზე წარმართვისთვის, მადლობა გადაუხადა როგორც განათლების უწყების, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ გამოცდას უცხო ენაში, 23 მაისს - ისტორიაში, 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.

საატესტატო გამოცდები დღეს 09:00 საათზე 1600-ზე მეტ სკოლაში  ერთდროულად ”CAT”-ის ტიპის საგამოცდო სისტემით  ჩატარდა. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელი მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ტარდება. 

სატესტატო გამოცდებისთვის მზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა. სატესტატო გამოცდებს მინისტრის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები საქართველოს რეგიონებში აკვირდებოდნენ.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადასალახავად სკოლებში შემოღებული იქნა აბიტურის საათები, სადაც მოსწავლეები საგამოცდო მზადებას ყველა საგამოცდო საგანში გადიოდნენ. გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნა ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება; ყველა სკოლა აღიჭურვა ახალი 11 ათასი კომპიუტერით და 1500 School Box-ით; კონკურსის წესით შეირჩნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც გამოცდებს ტეექნიკურად უზრუნველყოფენ.

გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე, წელს პირველად, სამინისტროში შეიმნა გამოცდების საორგანიზაციო შტაბიც. მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად,  პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ჩაერთვნენ.