ხშირად დასმული კითხვები


1. რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის
განხორციელებისათვის?

სტუდენტმა მობილობისათვის უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/
  • აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს  მობილობის ელექტრონული განაცხადი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულეამდე, უნდა გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსი, დეტალური ინფორმაციისთვის გაეცნოს პროგრამის სესახებ ინფორმაცის და დაწესებულების web-გვერდს.
  •  სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან bogpay.ge-ს  გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);
  • გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
  • გაეცნოს მიმღები  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი
2. როდის არის უფლებამოსილი სტუდენტი გააკეთოს მობილობის ელექტრონული განაცხადი?
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

3. რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება?
  • მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განამვლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
  • მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. 
  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს მობილობის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები, რის კონტროლსაც უზრუნველყოფს ელექტრონული პორტალი. საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობისთვის აუცილებელი საგანი/საგნების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პორტალზე.

მნიშვნელოვანია, რომ მობილობის მსურველ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე  ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ  2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.

ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველს, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გავლილი უნდა ჰქონდეს დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი.  სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ასევე, ამ პროგრამებაზე დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსის ტიპის, ვადების და სხვა წინაპირობების თაობაზე, განთავსებულია მობილობის პორტალზე.

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 წელს ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.

 
4. რამდენი არჩევანის დაფიქსირება შეუძლია სტუდენტს მობილობის ელექტრონულ განაცხადში?
მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს და დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე, პრიორიტეტის მიხედვით, არაუმეტეს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა.  პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს არჩეული პროგრამების დალაგებას უპირატესობის მინიჭების მიხედვით. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.


5 . შეუძლია თუ არა სტუდენტს შეცვალოს მის მიერ პორტალზე გაკეთებული არჩევანი?
სტუდენტთა რეგისტრაციის დასრულებამდე, მობილობის ელექტრონულ პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)

6. ვინ თავისუფლდება მობილობის საფასურის გადახდისგან?
მობილობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

7. რა შემთხვევაში განიხილება მობილობის მსურველის განაცხადი შედეგების დათვლისას?
მობილობის მსურველის განაცხადი შედეგების დათვლისას განიხილება მობილობის საფასურის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გადახდის შემთხვევაში.

8. როგორ მიმდინარეობს კონკურსი?
ელექტრონულ პორტალზე კონკურსი მიმდინარეობს სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე მინიჭებული ქულა), გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა,  გათვალისწინებით.
ორი ან მეტი თანაბარი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტის ბოლო საკონკურსო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პორტალზე მობილობის უფლებას მოიპოვებს თითოეული მათგანი.

ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამებზე, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მიმღები დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების და მის მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. 

სტუდენტები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ უფიქსირდებათ საკონკურსო ქულა (სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) პორტალზე მობილობით გადასვლის უფლებას მოიპოვებენ კონკურსის გარეშე (უკონკურსოდ).
მნიშვნელოვანია! - მობილობის წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამისა). დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებად რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

9. რა თავისებურება აქვს სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის პროცესს?
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, აუცილებლად რეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე და ირჩევს ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო  საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების მიხედვით.  დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, აცნობოს მობილობის მსურველს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, რომელიც წარმატებით გაივლის დაწესებულების კონკურსს, ვალდებულია ელექტრონულ პორტალზე არჩევანში მითითებული ჰქონდეს სათანადო პროგრამა, რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე. იგი უნდა გაეცნოს მობილობის საბოლოო შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები, რის შემდგომაც უნდა გაეცნოს მიმღები  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

ხოლო სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, რომელიც ვერ გაივლის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ კონკურსს, უფლებამოსილია ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე აირჩიოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მონაწილეობა მიიღოს მობილობის კონკურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


10. აქვს თუ არა უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობისათვის დააწესოს დამატებითი მოთხოვნები?
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების მობილობით ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან/და შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).
დამატებითი მოთხოვნები აისახება ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში. სტუდენტი ვალდებულია აღნიშნულ მოთხოვნებს გაეცნოს და გაითვალისწინოს.

11. როგორ ირიცხება სტუდენტი მობილობის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?
ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.
დაუშვებელია სტუდენტისათვის პირადი საქმის ასლების მიღებაში ხელის შეშლა.

12. ვინ იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის კრედიტების აღიარების თაობაზე?
სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტის მიერ წარდგენილ პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

13. როდის ითვლება სტუდენტი მობილობის წესით ჩარიცხულად?
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.

14. როდის შეუძლია სტუდენტს უარი განაცხადოს მობილობით ჩარიცხვაზე?
თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.

15. რა შემთხვევაში უბრუნდება სტუდენტს მობილობის საფასური?
მობილობის საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება:

  • თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას არ აქვს გაკეთებული/დაფიქსირებული განაცხადი/არჩევანი მობილობაზე.
  • თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის განმავლობაში. გადახდილი საფასური ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.