პროფესიული სტუდენტების წარმატება

10-03-2016
8 მარტს თბილისი მოლში გაიმართა პროექტის ”დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად” ფინალი, რომელსაც გამოფენა-გაყიდვის ფორმა ჰქონდა. 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს ახლგაზრდა ინოვატორების იდეების განვითარებასა და რეალური პროდუქტის შექმნას. 

ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებს, მარკეტერებს ან თუნდაც სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც აქვს იდეა, საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტი მარიამ გოგილაშვილი და მისი პარტნიორი მელქი გიორგაძე, ამ პროექტის მონაწიილეები და ფინალისტები არიან. მათი გუნდი Mer-Mel,  ქმნის  ხისა და ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელს, აქსესუარებსა და დეკორაციულ ნივთებს - ქართული ორნამენტებით, რითაც ხაზი ესმება ჩვენს კულტურას. სწორედ, ამიტომ ბრენდის სლოგანია: „ქართული ანაბეჭდი“. გამოფენა-გაყიდვაზე გუნდს წარმოდგენილი ჰქონდა გრავირებული მაისურები ძველი ქართული ორნამენტებითა და  QR-მედალიონები, მასზე დაშიფრული  QR-კოდით.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ახალგაზრდების კრეატიულობა და მათი იდეის პოტენციალი შენიშნა და მხარში ედგა პროექტის მსვლელობისას.