პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

02-10-2019
იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით!

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ, ასევე, კერძო  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში!

აპლიკანტების რეგისტრაცია (გარდა დუალური პროგრამებისა) წარმოებს ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმში, ვებ- გვერდზე:  www.vet.emis.ge  

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყველა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში. 

სიახლეა, რომ სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით  პარტნიორ  დამსაქმებლებთან ერთად განხორციელებულ პროგრამებზე მიღება იწარმოებს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, პროფესიული ტესტირების გარეშე! აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ დუალური მიდგომის ფარგლებში დანერგილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც  მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე https://bit.ly/2plQi1v 
 
ისევე როგორც წინა წელს, 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული. საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ:https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf