გამოცდები 2012

გამოცდები 2012
27-06-2012
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ. 2012 წლის გამოცდებთან და იმ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც ტესტირების პროცესში უნდა იყოს დაცული ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ გამართეს.

მინისტრის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრი საგამოცდო პროცესების ორგანიზებულად წარმართვისათვის სრულ მზადყოფნაშია, სისტემა გამართულია და მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში  17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.  წელს, საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 ამოქმედდება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე  მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500  სტუდენტი ჩააბარებს.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

  • 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს;
  • მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს  თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;
  • წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს;
  • 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;
  • დაჩქარდება შედეგების გამოცხადება  და ოქტომბრის ნაცვლად,  25 აგვისტოს  გახდება ცნობილი.