საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
05-07-2012

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე წარუდგინა. პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელი უნდა იყოს.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ აიმაღლოს პროფესიული დონე. ასევე, აუცილებელია სკოლებში ცოდნის ამაღლება, რათა მოსწავლეებმა გამოცდების ჩაბარება რეპეტიტორების გარეშე შეძლონ.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებელთა სერთიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია მასწავლებლებისთვის „ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ანაზღაურება იყოს მაღალი“ განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გამოცდების ახალ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ქვეყნის მიღწევა ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო, მაგრამ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შესაბამისად, უნდა შეიცვალოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციონირებაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით ეს ცენტრი 12 თვე უნდა მუშაობდეს და არა წელიწადში ერთი თვე. „გამოცდების ეს ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ ყოველთვის იყოს ღია, რომ ყველას შეეძლოს ყოველ თვე ჩაბარება.“- განაცხად პრეზიდენტმა.