ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციის მსურველთათვის

ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციის მსურველთათვის
27-08-2013
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

ეს მოდელი ეყრდნობა პროფესიული ორიენტაციისა და სახელობო პროფესიებისათვის პერსონალის შერჩევის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს, საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას და ასევე, არსებული რეალობის ანალიზს. ვინაიდან პროფესიული განათლება დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს სკოლასა და დასაქმებას შორის, "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვისაც" საგამოცდო მოდელზე მუშაობის ამოსავალი პრინციპი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური მხარდაჭერა გახდა. ამის გათვალისწინებით ახალი მოდელი შემდეგ პრინციპებს დაეფუძნა:

• პროგრამებზე, რომლებზეც მსურველთა რაოდენობა მისაღები ადგილეობის რაოდენობაზე ნაკლები იქნება, მონაწილეები ნებისმიერი შედეგით ჩაირიცხებიან. ტესტირების შედეგები ჩარიცხვისათვის მხოლოდ იმ პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იქნება გამოყენებული, რომლებზეც არსებობს კონსკურსი ანუ ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ადგილების რაოდენობას აჭარბებს. დანარჩენ შემთხვევებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა მსურველის მიღება. შესაბამისად, ჩარიცხვისათვის არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწესდება.

• გრანტის მოსაპოვებლად დაწესდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა გადანაწილდება ყველა იმ აპლიკანტზე, რომლებიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ.

• ტესტების მომზადებისას გათვალისწინებული იქნება სამიზნე პოპულაციის მახასიათებლები. ტესტების აპრობაციები (საცდელი ტესტირებები) ჩატარდება შესაბამის კონტიგენტზე (პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებზე და მათზეც, ვინც სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში აპირებს). ეს საშუალებას მოგვცემს ტესტის საბოლოო სახის ფორმირებისას გავითვალიწინოთ არსებული რეალობა (აპლიკანტთა ცოდნისა და უნარების დონე).

• ტესტირების შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდება თავად სასწავლებლებისათვისაც სასწავლო პროცესის წარმართვისა თუ ორგანიზების თვალსაზრისით. "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" პროფესიულ სასწავლებლებს სთავაზობს დეტალურ ინფორმაციას მათი მოსწავლეების მიღწევების შესახებ, რაც ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.

ტესტი ორი ნაწილისაგან შედგება: სპეციფიკური უნარების ნაწილი და მინიმალური (საბაზო) ცოდნის ნაწილი. ტესტირების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი იქნება.

მონაწილეები გამოცდას კომპიუტერთან ჩააბარებენ.
ტესტირების პროგრამა ძალიან მარტივად მოსახმარია და პრაქტიკულად არ მოითხოვს თუნდაც საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას.

ტესტის ყველა დავალება დახურულბოლიანია - ანუ, მონაწილემ რამდენიმე პასუხიდან უნდა მონიშნოს ერთი, მისი აზრით სწორი პასუხი.

ამასთან, გამოცდის ჩატარებამდე ერთი დღე დაეთმობა ე.წ. რეპეტიციას და ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს როგორც პროგრამის მოხმარების პრინციპებს, ისე დავალებათა ნიმუშებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა ბუკლეტები, რომლებშიც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ტესტის შესახებ, ტესტზე მუშაობის ინსტრუქცია და რეკომენდაციები.
ბუკლეტებში იხილავთ ტესტური დავალებების ნიმუშებს სწორი პასუხებით და განმარტებით, თუ რატომ არის შესაბამისი პასუხი სწორი.
ბუკლეტები შეიქმნა იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, უკეთ მოემზადოთ ტესტირებისთვის, რომელიც შედგება მხოლოდ არჩევითი პასუხების მქონე დავალებებისაგან. ამ ბუკლეტში მოცემული ნიმუშები გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ დავალებებზე, რომლებიც გამოცდის დროს შეგხვდებათ. თუმცა მნიშვნელოვანია, ისიც გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, რეალური საგამოცდო დავალებები შინაარსისა და სირთულის ხარისხის მიხედვით განსხვავდებოდეს ბუკლეტში მოცემული ნიმუშებისაგან.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" შეეცადა გამოცდების შინაარსი შესაბამისობაში მოეყვანა იმ პროგრამებთან, რომლებზეც სწავლის გაგრძელება გსურთ. ამ მიზნით გაანალიზდა პროფესიული ორიენტაციისა და სახელობო პროფესიებისათვის პერსონალის შერჩევის დროს გამოყენებული მეთოდები, საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისი ლიტერატურა. განისაზღვრა ცოდნის ის მოცულობა, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც მნიშვნელოვანია კონკრეტული სახელობო პროფესიის დასაუფლებლად.

ამგვარი ტესტების უმრავლესობის შესავსებად დროის ლიმიტია დადგენილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ტესტის შევსებისას გაითვალისწინოთ ეს და იმუშაოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად, იმისათვის, რომ ჩაეტიოთ დადგენილ დროში. ყოველი დავალების ამოხსნისას, პირველ რიგში, წაიკითხეთ ყველა სავარაუდო პასუხი.

- თუ თქვენ იცით, შემოთავაზებული პასუხებიდან რომელია სწორი, გააკეთეთ შესაბამისი აღნიშვნა სწორი პასუხის გასწვრივ. - თუ თქვენ არ იცით, შემოთავაზებული პასუხებიდან რომელია სწორი, უმჯობესია, გამოტოვოთ ეს დავალება და გადახვიდეთ შემდეგზე; ან შეგიძლიათ შემოთავაზებული პასუხებიდან გამორიცხოთ ის პასუხები, რომლებიც იცით, რომ ნამდვილად არასწორია და ამგვარად მოძებნოთ სწორი პასუხი.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მუშაობისას სწორად გაანაწილეთ ტესტისათვის გამოყოფილი დრო, აკონტროლეთ საკუთარი თავი და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ დიდი ხნით ერთ კონკრეტულ დავალებზე შეყოვნება. გახსოვდეთ, რომ ტესტში თქვენი საბოლოო ქულა, ანუ ტესტირების შედეგი დამოკიდებულია თქვენ მიერ სწორად გაცემული პასუხების რაოდენობაზე.

გთავაზობთ ტესტურ დავალებათა ნიმუშებს:

ასევე შეგიძლიათ იხილოთ: