ვებპორტალი „იყავი მეგობარი“

ვებპორტალი „იყავი მეგობარი“
04/13/2018
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

კონფერენციაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ  წარადგინა ახალი ინტერაქტიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს  მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე წარმოდგენილი იყო, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ, შეიმუშავა ცვლილებების პროექტი ზოგადი განათლების კანონში. პროექტის მიზანია, მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.