საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსი

საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსი
02/19/2024
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში

საჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 2024 წლის 29 თებერვალს 24:00 საათზე დასრულდება.

ის პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან. თუმცა 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მათ უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), რა დროსაც უნდა შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.

იმ პირებმა, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), წარმოადგინონ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.

საჯარო სკოლის დირექტორების  შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს (იხ. ტესტის ნიმუში). ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა).

დირექტორობის კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ ვებ გერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

  • სკოლის დირექტორის სტანდარტი;
  • განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
  • სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
  • სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
  • სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
  • სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
  • ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
  • ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
  • მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
  • საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
  • მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;
  • სასკოლო კულტურის ფორმირება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.

  • გაითვალისწინეთ: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით

  • ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.