17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს

17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს

2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი. შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება სჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზეა განთავსებული - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში e-catalog-ი(www.catalog.edu.ge) დაეხმარებათ, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელი შემდეგ ფორმას ავსებს: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. ასევე, მშობელი შეტყობინებას ჩარიცხვის შესახებ, სმს-ის საშუალებითაც მიიღებს.

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.

რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში შეუძლია დაარეგისტრიროს. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში შევიდა და პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.