საატესტატო გამოცდების შედეგები

საატესტატო გამოცდების შედეგები
03/06/2012
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.

მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი(5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17%-მა ვერ დაძლია საატესტატო გამოცდები, რომელზედაც, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამ საგანში ბარიერი  დაწეული იყო და  5.2-ით განისაზღვრებოდა.

საატესტატო გამოცდები გასული წლის მსგავსად წელსაც  ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. გამოცდების უხარვეზოდ წარმართვა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განახორციელა. ყველა საგამოცდო ოთახში ჩართული იყო  ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2000-ზე მეტი მეთვალყურე და 600  IT სპეციალისტი აკვირდებოდა.

საატესტატო გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.  საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.  შედეგების საბოლოო სტატისტიკა ასეთია:
                                             
ბარიერი ვერ გადალახა:

                                                 2012 წელს      2011 წელს
ქართული ენა  და ლიტერატურა           1%                       20%     
უცხო ენა                                                  3%                       20%
ისტორია                                                  1%                       10%
 გეოგრაფია                                              1%                       10%
ფიზიკა                                                     3%                       25%
ქიმია                                                        1%                        25%
ბიოლოგია                                               1%                       10%
მათემატიკა                                              1%                        20%


2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების წარმატება  პირველ რიგში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ განაპირობა. წელს მაღალი აკადემური მოსწრება აჩვენეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმაც. მათგან ბარიერი მხოლოდ 10%-მა ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, წარმატებით მიმდინარეობს.

სამინისტროს ძალისხმევით საჯარო სკოლები 11 ათასი ახალი კომპიუტერით აღიჭურვა, წელს პირველად, გამოცდები 1500 ახალი School Box-ის თანამედროვე სისტემის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფდა.

სამინისტროში  ასევე შექმნილი იყო გამოცდების საორგანიზაციო შტაბი, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები.

ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. ამის გარანტი სამინისტრო და გამოცდების ეროვნულ  ცენტრის ახალი ხელმძღვანელობაა.