https://emis-api.emis.ge/storage/media/1080/umaghlesi-ganatlebis-sakhelmtsifo-dafinansebeba-didi-664af60dbfd5a.webp
15 ივლისი 2025

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსებება

https://emis-api.emis.ge/storage/media/1080/umaghlesi-ganatlebis-sakhelmtsifo-dafinansebeba-didi-664af60dbfd5a.webp

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების გაანგარიშების ადმინისტრირებას.

 

სტუდენტთა დაფინანსების გაანგარიშება ხორციელდება წელიწადში ორჯერ, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრისა და პირველი აპრილის მდგომარეობით  არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

 

სტუდენტთა დაფინანსების სახეებია სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი, პროგრამული (პრიორიტეტული) დაფინანსება.

 

დაფინანსების სახეები

ამჟამად მოქმედი დაფინანსების სახეებია:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი
  • სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი
  • პროგრამული (პრიორიტეტული) დაფინანსება

 

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტი 

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული ან/და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ტიპები:

 

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე)
  • სოციალური პროგრამის ფარგლებში მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის სპეციალური პროგრამის ფარგლებში მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 
  • აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახელმწიფო  სასწავლო გრანტი
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე ჩარიცხულ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტი
  • თანამემამულის სტატუსის მქონე პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტი
  • სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი
  • მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტი 
     

 

სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი 

 

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ფინანსდება მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა


სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი - (მინიჭება ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე)
  • სოციალური პროგრამის ფარგლებში მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი 
  • აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი

 

პროგრამული (პრიორიტეტულიპროგრამული დაფინანსება 

 

სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა სწავლის  დასაფინანსებლად.

 

 

 

სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვება

 

  • სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვება ხორციელდება ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტით ან/და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.
  • სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში.
  • ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (50% ან 70%-იანი გრანტი) შევსება (სრული 100%-მდე) შესაძლებელია სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტით, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა. ამ შემთხვევაში, სოციალური გრანტი მოქმედებს თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ხანგრძლივობით.

 

სახელმწიფო გრანტით სტუდენტის სწავლის დაფინანსება შესაძლებელია უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე მხოლოდ ერთხელ.

 

 

სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობა

 

სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობა სწავლების ორივე საფეხურისათვის შეადგენს არაუმეტეს 2250 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საფასურს.

 

 

სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო  გრანტის ხანგრძლივობა

 

გრანტის  ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ბაკალავრიატის 240 კრედიტიანი პროგრამა - არაუმეტეს 4 წელი;
  • ბაკალავრიატის 180 კრედიტიანი პროგრამა - არაუმეტეს 3 წელი;
  • დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა - არაუმეტეს 6 წელი;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი;
  • მასწავლებლის მომზადების/ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები - არაუმეტეს 5 წელი;
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი;
  • მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი;
  • მაგისტრატურის 120 კრედიტიანი პროგრამა - არაუმეტეს 2 წელი;
  • მაგისტრატურის 60 კრედიტიანი პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი.

 

 

 მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაუმჯობესება

 

  • მოპოვებული ნაწილობრივი გრანტის გაუმჯობესება შესაძლებელია სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საგრანტო კონკურსის საფუძველზე.
  • საგრანტო კონკურსის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ასევე შეუძლია აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც არ სარგებლობს გრანტის ნაწილობრივი ოდენობით.

 

 

სახელმწიფო  გრანტის გადატანა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე

 

  • სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე. პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
  • სტუდენტს მოპოვებული გრანტი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში გადაყვება თავდაპირველად მოპოვებული ოდენობით, დარჩენილი წლების გათვალისწინებით.
  • როცა მიმღები პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტი უტოლდება ამ პროგრამის საფასურს.
  • ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს გრანტი მიყვება წინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროგრამაზე არსებული ოდენობით.

 

 

მობილობის განხორციელების შემდგომ, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში, აკრედიტებულ პროგრამაზე გრანტი გადაყვება ავტომატურად, რისთვისაც დამატებით განცხადებით მომართვა საჭირო არ არის.

 

 

მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შენარჩუნება

 

  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში, სტუდენტს მოპოვებული გრანტი უნარჩუნდება სტატუსის შეჩერება/შეწყვეტიდან მომდევო 5 წლის განმავლობაში.
  • თუ პირს სტატუსი შეუჩერდა უცხო ქვეყნის დაწესებულებაში სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რომლის დროსაც შეუძლებელია სწავლის გაგრძელება, მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება ამ საფუძვლის არსებობის ვადით;
  • სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა უსდ-ს პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

გრანტის დაკარგვა/შეზღუდვა

 

  • სტუდენტი კარგავს მოპოვებულ გრანტს სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან/შეწყვეტიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
  • სტუდენტს მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება ეზღუდება არააკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

 

 

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის გრანტის გამოყენება

 

  • ერთდროულად მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხულ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
  • მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების  პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
  • დაუშვებელია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ერთსა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა

 

 

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით სარგებლობა და გადატანა

 

  • პროგრამული დაფინანსება გაიცემა ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ბაკალავრიატის 180-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე - არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების/ვეტერინარიის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
  • დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პირის განმეორებით დაფინანსება ხელმეორედ იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში.

 

 

დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მიღებული დაფინანსების იმავე ან სხვა საგანამანათლებლო პროგრამაზე გადატანა.

 

 

გრანტითა და პროგრამული დაფინანსებით ერთდროულად სარგებლობა

 

  • პროგრამული დაფინანსებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი სტუდენტს უკვე გამოყენებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
  • სტუდენტი, რომელიც სარგებლობს პრიორიტეტულ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობით, უფლებამოსილია სწავლის დაფინანსება იმავე პროგრამაზე შეივსოს პროგრამული დაფინანსებით, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა;
  • პრიორიტეტული პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი, რომელიც სარგებლობს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტით, ვერ ისარგებლებს პროგრამული დაფინანსებით